მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი
ყვარლის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, 1921 წლის ადმინისტრაციული დაყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისევ თელავის მაზრას მიაკუთვნეს. 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ქალაქი ყვარელი, რომელიც მდინარეების ბურსისა და დურუჯის შუამდინარეთში მდებარეობს, ქალაქია 1964 წლიდან.
ყვარლის მუნიციპალიტეტი ისაზღვრება 3 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტითა (თელავის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკით. მუნიციპალიტეტის ფართობია 1000,8 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 80 266 ჰა (36%) უკავია, ტყით დაფარული საერთო ფართობი შეადგენს 58 600 ჰა-ს (27%).
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. დაბალმთიანეთში, ზღვის დონიდან 1 000-1 200 მეტრზე განვითარებულია ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 8-9 °C-ს შეადგენს. ზღვის დონიდან 1700-1800 მეტრზე იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცივი ზაფხული, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა კი 5-6 °C-ია. 1800 მეტრის ზემოთ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 3-4 °C-მდე ეცემა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 795 მმ-იდან 938 მმ-მდე მერყეობს ზონალობის მიხედვით. ნალექების მაქსიმუმი მაისში მოდის, ხოლო მინიმუმი იანვარში.
ყვარლის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია მდინარეთა ხშირი ქსელი, რომლებიც წარმოდგენილია მდინარე ალაზნითა და მისი შენაკადებით (შოროხევი, ბურსა, დურუჯი, სხვა). მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით 29 827 კაცია. მუნიციპალიტეტში სულ 24 დასახლებული პუნქტია.
ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია სამუშაო ჯგუფის მიერ დასახელდა მევენახეობა-მეღვინეობა, ერთწლიანი კულტურები, ბოსტნეული-ბაღჩეული და მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეებია ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, სეტყვა, მდინარის ნაპირების წარეცხვა და ღვარცოფი. 2012 წლის მუნიციპალურმა ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 9 447 000 ლარი შეადგინა.